"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ ოუენ ჰარგრივსი მოედანს ამ სეზონში დაუბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი ნახევარმცველის გვარი ჩემპიონთა ლიგის 25–კაციანი შემადგენლობიდან ბოლო დღეს ამოიღეს, შოტლანდიელი სპეციალისტი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ ჰარგო დაბრუნდება და თავის წვლილსაც შეიტანს გუნდის წარმატებაში.
"იუნაიტედის' თავკაცის თქმით, ოუენი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ იგი მზად არ იყო "მილანთან" სათამაშოდ.
"ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენ რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიყოთ და ჰაგრივზი გვყავდეს, თუმცა ეს ასე არაა. ჩვენ ჯერ უნდა დავამარცხოთ იტალიელები. ოუენი არ არის მზად სათამაშოდ, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მისი ჯანმრთელი ფეხბურთელით ჩანაცვლება. ეს მოხდა მხოლოდ "მილანთან" მატჩისთვის. მე მივიღე ეს რთული გადაწყვეტილება, თუმცა დარწმუნებული ვარ მის სისწორეში".ჰაგრივსმა უმძიმესი ტრავმა მიიღო 2008 წლის ნოემბერში და მას შემდეგ მოედანზე არ გამოსულა. ფეხბურთელმა სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი გაიარა, თუმცა ბოლომდე კვლავ არ არის მზად. სერ ალექსი დარწმუნებულია, რომ ოუენი დაბრუნდება და დაეხმარება გუნდს პრემიერლიგაში, ზედიზედ მეოთხედ, გამარჯვებაში.
"მისი გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ნელ ტემპში მიმდინარეობს. ხუმრობა არაა წელიწადნახევარი თამაშგარეთ ყოფნა. მაგრამ ის აუცილებლად დაბრუნდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჰარგო არ არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი, ის ნამდვილი მებრძოლია და არასდროს დანებდება".