ავტორი: Legend   13-10-2010, 08:44   ნანახია: 855 [ ]
  
ჯორჯ ბესტი


ჯორჯ ბესტი ლეგენდარული ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელი იყო, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო. ბესტი ცნობილი გახდა "მანჩესტერში" თამაშისას, სადაც კლუბის ლეგენდის სახელი დატოვა. ბესტი ნახევარდაცვის ფლანგზე თამაშობდა, ჰქონდა მაღალი სასტარტო და დისტანციური სიჩქარე, მოძრაობის კოორდინაცია და მდგრადობა, შესანიშნავი დრიბლინგი, რომელიც საშუალებას აძლევდა რამდენიმე მცველი მოეტყუებინა, ერთნაირად ხმარობდა ორივე ფეხს და ფლობდა დაყენებულ დარტყმას, განვითარებული ჰქონდა საგოლე ალღო და ხშირადაც გაჰქონდა. 1968 წელს მოიგო ჩემპიონთა თასი და გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

თამაშობდა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში, მაგრამ ვერასდროს მოხვდა დიდ საერთაშორისო ტურნირზე, რადგან მისი თანაგუნდელები არ იყვნენ მაღალი კლასის, თუმც, აზრადაც არ მოსვლია ეთამაშა სხვა ქვეყნის მაისურით, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ.

1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვით, მე–20 საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებში მე–11 ადგილი დაიკავა, მსოფლიოში კი – მე–16. იმავე წელს პოპულარული ჟურნალ "უორლდ სოკერის" გამოკითხვით, ბესტმა მე–8 ადგილი დაიკავა საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელში.

ჯორჯ ბესტი


ბესტი იყო ერთ–ერთი პირველი, ვინც გულშემატკივრებში კულტის სტატუსს მიაღწია, მაგრამ ექსცენტრიული და არანორმალური ცხოვრების წესმა ალკოჰოლიზმამდე მიიყვანა. 2005 წლის ნოემბერში, 59 წლის ასაკში, ალკოჰოლის მიერ გამოწვეული შინაგანი ორგანოების ფუნქციური მოშლილობის შედეგად გარდაიცვალა. ბესტმა დასალევზე უარი ვერც 2002 წელს ღვიძლის გადანერგვის შემდეგ თქვა.

ჯორჯ ბესტი 1946 წლის 22 მაისს ბელფასტში მჩარხავ დიკ ბესტისა და თუთუნის ფაბრიკის მუშის ენ უიზერის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით ჯორჯს ოთხი და და ერთი ძმა მიემატა. დედამისი 1978 წელს, 55 წლის ასაკში, ალკოჰოლით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა, მამა კი – 2005 წელს.

ბესტი ფეხბურთით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. ჯორჯი არასდროს შორდებოდა ბურთს, კარების ნაცვლად მამის გარაჟს იყენებდა და ბურთთან ერთად ჩახუტებული იძინებდა.

მისი პირველი გუნდი "კრეგაგ ბოიზის" ბავშვთა გუნდი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ნიჭიერმა მოზარდმა "გლენტორანის" ყურადღება მიიპყრო, მაგრამ მისი უზომო სისუსტე არ მოეწონათ და კონტრაქტი არ შედგა. მათგან დაწუნებულ ბესტში კი ტალანტი "მანჩესტერის" სკაუტმა ბობ ბიშოფმა დაინახა და სასწრაფოდ გაუგზავნა "მანჩესტერის" მთავარ მწვრთნელს, ლეგენდარულ მეტ ბასბის მოკლე შინაარსის დეპეშა – მგონი, თქვენთვის გენიოსი ვიპოვე.

გამოსაცდელი ვადის შემდეგ მანჩესტერულ კლუბსა და ბესტს შორის სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდა.

ბესტის დებიუტი "მანჩესტერში" 17 წლის ასაკში შედგა "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ. ბესტი პირდაპირ დასცინოდა თავის გამოცდილ ოპონენტს, უელსელ გრემ უილიამსს. თამაშის დასრულების შემდეგ, რომელიც "მანჩესტერმა" 1:0 მოიგო, გასახდელში მიმავალ ბესტს უილიამსა დაუძახა, მოიცა, შვილო, დამენახე სახეზე, მთელი თამაში მხოლოდ შენს ზურგს ვუყურებდი. და ხელი ჩამოართვა მომავალ ვარსკვლავს.

ჯორჯ ბესტი


ბესტს კი მაინც სახლი ენატრებოდა და საშობაოდ ბელფასტში ჩავიდა. მისი არყოფნისას, 26 დეკემბერს "მანჩესტერმა" სამარცხვინო მარცხი განიცადა "ბარნსლისთან" 1:6 და ბესტი საპასუხო მატჩისთვის სასწაფოდ ჩამოიყვანეს. 28 დეკემბერს მისი ბრწყინვალე თამაშის შედეგად უკვე 5:1 მოიგო და ბესტმა პირველი მანჩესტერული გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჯორჯმა ეს მატჩი იმ პირობით ითამაშა, რომ დასრულებისთანავე თვითმფრინავით ბელფასტში დააბრუნებდნენ.

ბესტი გახდა პირველი კომერციულად წარმატებული ფეხბურთელი. სარეკლამო კონტრაქტებითა თუ მოდურ ჟურნალებში ინტერვიუებით ჯორჯს მეტი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე ფეხბურთით. ლამაზი ნაკვთებისა და გრძელი თმების გამო, მას მეხუთე ბიტლიც კი შეარქვეს, მაგრამ ვარსკვლავის სტატუსმა ნეგატიურად იმოქმედა მის პირად ცხოვრებაზე.

1968 წელი კლუბისთვისაც და ფეხბურთელისთვისაც ტრიუმფალური გამოდგა – ჩემპიონთა თასის ფინალში "მანჩესტერმა" დამატებით დროში "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა ბმეორე გოლი ბესტმა გაიტანა0 და პირველი ინგლისური გუნდი გახდა, ვინც ეს უმაღლესი ტიტული მოიპოვა. თავად ბესტი კი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. იმ სეზონში მან "მანჩესტერის" შემადგენლობაში 32 ბურთი გაიტანა და მისი რეკორდი 40 წლის შემდეგ კრიშტიანუ რონალდომ დაამხო.

სამოციანი წლების ბოლოს ბესტმა ორი ღამის კლუბი გახსნა, "მანჩეტერ სიტის" ფეხბურთელ მაიკ სამერბისთან ერთად კი 2 ბუტიკების ქსელი. მდიდრულმა ცხოვრებამ ბესტი დამღუპველ საქმემდე მიიყვანა – ალკოჰოლი, ქალები, აზარტული თამაშები.

"მანჩესტერიდან" მეტ ბასბის წასვლის შემდეგ ბესტმა უფრო დაკარგა კონტროლი – უამრავი დისციპლინის დაღვევა და მუდმივი კონფლიქტი ახალ ხელმძღვანელობასთან. ამასთან, გუნდსაც დაეტყო კრიზისი და უკვე სუსტ გუნდებთანაც აგებდა, ბესტს კი ეს ყველაფერი მძიმედ გადაჰქონდა. სისტემატურმა სმამ ალკოჰოლიზმის მოთხოვნილება გაუჩინა და ვარჯიშებისა თუ თამაშების გაცდენა დაიწყო, თუმც ის მაინც რჩებოდა მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ფეხბურთელად, რაც 1970 წლის 7 თებერვალს "ნორთჰემპტონთან" სათასო მატჩისას დაამტკიცა, როდესაც დისკვალიფიკაციამოხდილი მოედანს დაუბრუნდა და ექვსი გოლი გაიტანა, რითიც 50 წლის წინანდელი ჰაროლდ ჰალსის რეკორდი გაიმეორა.

1974 წელს, 27 წლის ბესტმა მანჩესტერი დატოვა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში სისტემატურად იცვლიდა გუნდებს ინგლისში, ირლანდიაში, შოტლანდიაში, ამერიკასა და ავსტრალიაში.

1988 წელს "უინძორ პარკზე" გაიმართა მისი გამოსათხოვარი მატჩი, რომელსაც მეტ ბასბი და ბობ ბიშოფიც ესწრებოდნენ. თამაშში მონაწილეობა მიიღეს პატ ჯენინგსმა, ოსვალდო არდილესმა და ლიამ ბრედლიმ. ბესტმა იმ მატჩში ორი ბურთი გაიტანა – ერთი საჯარიმოს გარედან, მეორე პენალტით.

ჯორჯ ბესტი


ოთხმოციანი წლების ბოლოს ბესტმა გაახმოვანა ფილმი "სტრიკერი", ხოლო 1998 წლიდაყ 2004 წლამდე "სკაი სპორტის" არხზე მუშაობდა ექსპერტად გადაცემაში "ფეხბურთი შაბათს".

ბესტი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეეღლე იყო ენჯელა მაკდონალდ–ჯეიმსი 1978–860, რომლისგანაც ერთი ბიჭი დარჩა. მეორედ კი ყოფილ სტიუარდესაზე და შემდგომში სახელგანთქმულ მოდელ, ალექს პერსიზე 1995–20040 იქორწინა, რომელთანაც შვილი არ ყოლია. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბესტს ორივე მეუღლესთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა და ხშირად მათ მიმართ ძალას იყენებდა, თუმც არც ერთი მათგანი თავისი ნებით არ გაშორებია.

1984 წელს ბესტი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასა და პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულეს და სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც ლონდონის ციხე "პენტოლვილში" მოიხადა. პატიმრობისას რამდენიმე მატჩი ციხის გუნდში ითამაშა.

ქრონიკულმა ალკოჰოლიზმმა ბესტს ღვიძლი დაუზიანა და 2002 წელს სამეფო ჰოსპიტალში მას ღვიძლი გადაენერგეს, თუმც ალკოჰოლის მოხმარებას ვერ შეეშვა და ლუდის პაბების ხშირი სტუმარი იყო.

2004 წლის 2 თებერვალს ჯორჯი ისევ იქნა მხილებული ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში და მართვის უფლება 20 თვით ჩამოართვეს.

2005 წლის 3 ოქტომბერს თირკმელის მწვავე ინფექციით ჰოსპიტალიზებული იქნა, რამაც შემდგომში შინაგანი ორგანოების მოშლილობა გამოიწვია. 27 ოქტომბერს გაზეთები წერდნენ, რომ მდგომარეობა კრიტიკულია და ბესტი უკვე გამოემშვიდობა ახლობლებს, მაგრამ მალე მდგომარეობა სტაბილური გახდა. 20 ნოემბერს კი ბრიტანულმა ტაბლოიდმა "ნიუს ოფ ზე ვორლდ"–მა გამოაქვეყნა ბესტის სურათი საავადმყოფოს საწოლზე სიტყვებით – "არ მოკვდეთ ისე, როგორც მე". ეს ფოტო თავად ბესტის თხოვნით იქნა გამოქვეყნებული და მისი ბოლო სიტყვები გამაფრთხილებელი იყო მათსვის, ვინც ალკოჰოლს უწყინარ გასართობად თვლის.

ჯორჯ ბესტი


25 ნოემბერს ინტენსიური თერაპია შეწყვეტილი იქნა, დღის პირველ საათზე ბესტი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ყველა უახლოესი მატჩი წუთიერი დუმილით დაწყებულიყო, მაგრამ რამდენიმე სტადიონზე მათი განცხადება იგნორირებულ იქნა და ბესტის პატივსაცემად წუთიერი აპლოდისმენტები გაიმართა.

2005 წლის 3 დეკემბერს, წვიმიანი დღის მიუხედავად, მის კატაფალკას 25 ათასი ადამიანი მიაცილებდა, გზის გასწვრივ კი 100 ათასამდე ადამიანს მოეყარა თავი. დასაფლავების ცერემონია კი პირდაპირ ეთერში გადაიცა. ბესტი დაასაფლავეს დედამისის გვერდით.

მისი გარდაცვალების წლისთავზე ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო ბანკმა გამოუშვა მილიონი ცალი ხუთგირვანქიანი კუპიურა, რომელზეც ბესტია გამოსახული. ყველა კუპიურა ხუთ დღეში გაიყიდა, ხოლო ონლაინ–აუციონებზე მისი ფასი 30 გირვანქამდე ავიდა.


ბესტს ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ძოძუაშვილის წინააღმდეგაც აქვს ნათამაშევი, რომლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მსოფლიო ლეგენდას მაისურა გაუცვალა, ახლა ის მაისურა ქუთაისის სპორტულ მუზეუმში კიდია.


წყარო:http://www.skysports.com/