ავტორი: Legend   17-11-2010, 07:24   ნანახია: 567 [ ]
  
"მანჩესტერის" და ინგლისის გმირი...



სერ რობერტ ჩარლტონი საფეხბურთო სამყაროში ბობი ჩარლტონად უფროა ცნობილი. ბობის 4 ბიძა – ჯეკ მილბურნი (ლიდსი, ბრედფროდი), ჯორჯ მილბურნი (ლიდსი, ჩესტერფილდი), ჯიმი მილბურნი (ლიდსი, ბრედფრორდი) და სტენ მილბურნი (ჩესტერფილდი, ლესტერი, როჩდეილი) ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ პატარა ბობის პირველი საფეხბურთო გაკვეთილი დედამ, სისი მილბურნმა ჩაუტარა. ფეხბურთელი იყო ბობის უფროსი ძმა, ჯეკიც, რომელიც ჯერ პოლიციაში მუშაობდა, მერე კი "ლიდსში" ჩაირიცხა.

1953 წელს სკოლების მატჩზე ჩარლტონი "მანჩესტერის" სკაუტმა ჯო არმსტრონგმა შეამჩნია. დედას მისი საფეხბურთო კარიერის არ სჯეროდა და ბობი საინჟინროზე შეიყვანა. თუმცა ბობი ცნობილ "ბასბის პატარებში" გამორჩეული იყო და მალე პირველი პროფესიონალური კონტრაქტიც გაფორმდა, 1956 წელს კი მისი სადებიუტო მატჩი შედგა "მანჩესტერში". იმავე წელს ბობი არმიაში გაიწვიეს, სადაც 1 წელი დაჰყო. ჩარლტონმა ჯარში სამსახურად შრიუსბერი, მანჩესტერთან უახლოესი ქალაქი აირჩია, რათა გამოსასვლელ დღეებში თამაში შეძლებოდა.

ძირითადში ჩარლტონი მომავალ წელს დამკვიდრდა. "მანჩესტერი" გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გააღწია (იქ "რეალთან" დამარცხდა). ამ წარმატებამ დიდი ინტერესი გამოიწვია კონტინენტზე. კიდევ 1 წლის შემდეგ ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში "მანჩესტერმა" 2 მატჩის ჯამში "ცრვენა ზვეზდა" დაამარცხა და შინ ბრუნდებოდა, როდესაც ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა.


მიუნხენის ავიაკატასტროფა



"მანჩესტერის" და ინგლისის გმირი...


ბელგრადიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, რომელშიც მხოლოდ ფეხბურთელები და გუნდის პერსონალი იჯდა, საწვავის დასამატებლად მიუნხენში დაფრინდა. მიუნხენში ცუდი ამინდი დადგა და სანამ თვითმფრინავის ავზი შეივსებოდა, აეროპორტის ასაფრენი ზოლი სქელი ყინულით დაიფარა. ორი უშედეგო აფრენის მცდელობის შემდეგ მგზავრებმა თვითმფრინავი დატოვეს და მასაც მცირე ტექნიკური სამუშაოები ჩაუტარეს. 10 წუთიანი პაუზის შემდეგ მგზავრებმა ისევ თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლება მიიღეს. მათ უკვე ნერვიულობაც ეტყობოდათ. ტომი ტეილორმა და დევიდ პეგმა ბობი ჩარლტონსა და დენის ვაიოლეტს ადგილები გაუცვალეს, რადგან ჩათვალეს, რომ თვითმფრინავის კუდში უფრო დაცული იქნებოდნენ. აფრენის დროს თვითმფრინავმა ბილიკის ბოლოს ღობე გაანგრია, ფრთა იქვე მდგომ სახლს დაეჯახა, რომელიც შემდეგ დაიწვა. დარტყმისგან ფრთა და თვითმფრინავის კუდის ნაწილი მოძვრა და ტრიალით შეეჯახა ხეს და ხის ბარაკს. სავარძელს ღვედით მიმაგრებული ჩარლტონი თვითმფრინავიდან გადმოვარდა. როდესაც "იუნაიტედის" გოლკიპერმა გარი გრეგმა (რომელმაც როგორღაც მოახერხა თვითმფრინავიდან უვნებლად გადმოსვლა და საკუთარი ძალებით დაიწყო გადარჩენილების შველა) იპოვა იგი, იფიქრა, რომ ჩარლტონი მკვდარი იყო, ჩაავლო ხელი ჩარლტონსა და ვაიოლეტს და აფეთქების მოლოდინში თვითმფრინავისგან შორს გადაათრია. შემდეგ დაბრუნდა ბლენჩფლაუერის და ბასბის დასახმარებლად, რომლებსაც საშინელი ტრავმები ჰქონდათ. როდესაც დაბრუნდა, დაინახა, რომ ჩარლტონი და ვაიოლეტი, რომლებიც მას მკვდარი ეგონა, გადმოსულიყვნენ სავარძლებიდან და თვითმფრინავს უყურებდნენ.

ჩარლტონმა თავის სერიოზული ტრავმა მიიღო და ერთი კვირა საავადმყოფოში გაატარა. მისი შვიდი თანაგუნდელი, ტეილორის და პეგის ჩათვლით, რომლებსაც მან და ვაიოლეტმა ადგილები გაუცვალეს, ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ. ასევე გარდაიცვალნენ კლუბის კაპიტანი როჯერ ბირნი, მარკ ჯონსონი, ბილი უილანი, ედი კონი და ჯეფ ბენტი. დუნკან ედვარდსი კი საავადმყოფოში ჭრილობებისგან გარდაიცვალა 2 კვირის შემდეგ. სულ კატასტროფამ 23 სიცოცხლე იმსხვერპლა.

თავიდან ავარიის მიზეზად ფრთების მოყინვა სახელდებოდა, მაგრამ შემდეგმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ყინვა ასაფრენ–დასაფრენ ბილიკზე პრაქტიკულად არ ტოვებდა თვითმფრინავის უსაფრთხოდ აფრენის შანსს.

გადარჩენილებიდან საავადმყოფოდან პირველი ჩარლტონი გაეწერა. ის 8 კვირის შემდეგ, 14 თებერვალს დაბრუნდა მანჩესტერში. მაშინ ბობი მხოლოდ 20 წლის იყო, მაგრამ უკვე ყველა ელოდა, რომ ის დაეხმარებოდა კლუბს აღორძინებაში.

განახევრებული "მანჩესტერი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში "მილანთან" დამარცხდა, ამასთან, მოულოდნელად გააღწია ინგლისის თასის ფინალში, სადაც "ბოლტონთან" დამარცხდა.


"მანჩესტერის" და ინგლისის გმირი


ჩარლტონი ნაკრებში ბრიტანეთის ჩემპიონატში შოტლანდიელებთან სათამაშოდ გამოიძახეს, ბობიმ დებიუტი ჩინებული გოლით აღნიშნა. მისი თამაშით გულშემატკივარი მოიხიბლა. ასე დაიწყო ჩარლტონის ხანგრძლივი სანაკრებო გზა.

თავის მეორე მატჩში პორტუგალიის ნაკრებთან (2:1) ჩარლტონმა დუბლი შეასრულა და 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანეს შვედეთში, თუმცა იქ წუთიც კი არ უთამაშია, რამაც ჟურნალისტების კრიტიკა გამოიწვია. 1962 წელს კი ჩილეში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან დამარცხდება.

მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ მეტ ბასბიმ გუნდის გარდაქმნა დაიწყო, 1966 წელს კი ჩარლტონი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამ დროს ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ალფ რამსეი იყო, რომელმაც გუნდის შენება ჩარლტონის ირგვლივ დაიწყო. ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობდა. ჩემპიონატის დაწყების წინ ჩარლტონისგან ყველა სტაბილურ და მაღალი დონის თამაშს ელოდა.

ბობიმ და ინგლისის ნაკრებმა მშვენივრად ითამაშეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

"მანჩესტერის" და ინგლისის გმირი...


ევროპული ტრიუმფი


1968 წელს, მიუნხენის ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, "მანჩესტერი" პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელიც ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა. ფინალში მანჩესტერელებმა 4:1 მოუგეს "ბენფიკას", 2 ბურთი ჩარლტონმა გაიტანა და პირველი ინგლისელი კაპიტანი გახდა, რომელმაც ეს თასი აღმართა. რამდენიმე დღეში კი ბობიმ ინგლისის ნაკრებში თავისი 45–ე ბურთი გაიტანა და ჯიმი გრივზის რეკორდი დაამხო.

1969 წელს ფეხბურთში შეტანილი დამსახურებისთვის ბობი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს. მომდევნო წელს კი რამსეიმ ისევ შეიყვანა სამუნდიალო განაცხადში. ჩარლტონი ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელიც 4 მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანეს (ერთში არ უთამაშია). მეოთხედფინალში ინგლისი 2:0–ს უგებდა გერმანიას, მაგრამ 2:3 დამარცხდა და 32 წლის ჩარლტონმაც სანაკრებო კარიერისთვის თავის დანებება გადაწყვიტა.

ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით – 49 – ჩარლტონს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ინგლისელ ფეხბურთელთა შორის, ხოლო თამაშების რაოდენობით – 106 – მხოლოდ ბობი მური და პიტერ შილტონი უსწრებენ. ჩარლტონს ეკუთვნის "მანჩესტერის" მაისურით ყველაზე მეტი გატანილი გოლი – 249, ხოლო მასზე მეტი თამაში (758) მხოლოდ რაიან გიგზს აქვს ჩატარებული.


ოჯახური ცხოვრება


ბობიმ მომავალი მეუღლე, ნორმა ბოლი, ყინულის მოედანზე გაიცნო. ისინი 1961 წელს დაქორწინდნენ და ორი გოგონა ჰყავთ. 2007 წელს ბობიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც აღნიშნული აქვს, რომ სერიოზული მტრობა ჰქონდა მის ძმა ჯეკთან. ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ მას შემდეგ, რაც უთანხმოება მოუვიდათ დედასა და რძალთან.


წყარო:Manutd.com