ალექს ფერგიუსონი (Sir Alex Ferguson) “აბერდინიდან” მოიწვიეს ატკინსონის შემცვლელად და მან გუნდი 1986–87 წლების სეზონში მეთერთმეტე ადგილზე გაიყვანა. შემდეგ 1987–88 წლების სეზონში “იუნაიტედი” მეორე ადგილზე გავიდა და ბრაიან მაკკლერი (Bryan McClair; “იუნაიტედის” ახალგაზრდული აკადემიის ახლანდელი ხელმძღვანელი) გახდა ჯორჯ ბესტის შემდეგ “მანჩესტერის” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში ერთი სეზონის მანძილზე 20 გოლის გატანა შეძლო.

მიუხედავად ამისა მომდევნო ორ სეზონში გუნდმა ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია, ალექს ფერგიუსონის ვერცერთმა ტრანსფერმა ფანთა იმედები ვერ გაამართლა და 1990 წლის დასაწყისში ფერგი დათხოვნის პირას იყო. “იუნაიტედმა” უდაძაბულეს მატჩში მარკ რობინსის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა “ნოტინგემ ფორესტი” ასოციაციის თასის მესამე ეტაპის მატჩში. საბოლოოდ ფერგიმ ამ მოგებით პოსტი შეინარჩუნა და თავისი დანიშვნის შემდეგ გუნდს პირველი ტიტულის მოუტანა სეზონის ბოლოს: “მანჩესტერმა” ასოციაციის თასი მოიგო, ფინალში კი “კრისტალ პალასი” დაამარცხა (3–3, გადათამაშებაში 1–0).
მომდევნო, 1990-91 წლების სეზონში "მანჩესტერმა" ფერგის ხელმძღვანელობით საკუთარ ისტორიაში პირველად (და უკანასკნელადაც) მოიგო თასების მფლობელთა თასი, ფინალში კი მარკ ჰიუზის დუბლის წყალობით დაამარცხა "ბარსელონა" 2-1, რომელიც იმ წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
მომდევნო სეზონი იმედგაცრუებით დასრულდა. "იუნაიტედმა" სეზონის ბოლო ნაწილი ჩააგდო და ჩემპიონის ტიტული "ლიდს იუნაიტედს" დაუთმო.
1991 წელს კლუბი გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად და საკუთარი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიტანა. მაშინ "მანჩესტერის" აქციები ჯამში 47 მილიონ გირვანქად იყო შეფასებული.
1992 წლის ნოემბერში გუნდში ერიკ კანტონა მივიდა და გამოდგა სწორედ ის საჭირო ნაპერწკალი, რომელმაც გუნდს შთაბერა ძალა მიეღწია დიდი წარმატებებისათვის. "იუნაიტედს" აგრეთვე ჰყავდა სხვა ძალიან კარგი და უმაღლესი დონის ფეხბურთელები: გარი პალისტერი, დენის ირვინი, პოლ ინსი, აგრეთვე ამომავალი ვარსკვლავი რაიან გიგზი.

გუნდმა 1992-93 წლების სეზონში ახლად შექმნილი პრემიერლიგა მოიგო. "იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონი 1967 წლის შემდეგ პირველად გახდა.
"მანჩესტერმა" წარმატებული სვლა გააგრძელა და მომდევნო სეზონში არა მარტო პრემიერლიგა, არამედ ასოციაციის თასიც დაისაკუთრა და ე.წ. "დუბლი" შეასრულა. წარმატება განპირობებული იყო "ნოტინგემ ფორესტიდან" ძალიან მონდომებული და დიდი სულისკვეთების მქონე ნახევარმცველის, ირლანდიელი როი კინის გადმოყვანით, რომელიც შემდგომში გუნდის კაპიტანიც გახდა. ის სეზონი დაჩრდილა გუნდის ლეგენდარული მენეჯერისა და კლუბის საპატიო პრეზიდენტის სერ მატ ბასბის გარდაცვალებამ, რომელიც 1994 წლის 20 იანვარს აღესრულა.
1994-95 წლების სეზონში ერიკ კანტონამ 8 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ "კრისტალ პალასის" ფან მეთიუ სიმონსს ტრიბუნაზე აუვარდა და თავს დაესხა. სიმონსმა კანტონას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ ამან გამოიწვია ფრანგი ლეგენდის გაცხარება. ინციდენტი მოხდა "კრისტალ პალასის" სტადიონ "სელჰერსტ პარკზე" , როდესაც მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები გასახდელისაკენ მიდიოდნენ. "იუნაიტედმა" ის სეზონი საშინლად დაასრულა: პრემიერლიგის ბოლო ტურში ფრედ ითამაშა, ამით ჩემპიონობა დაკარგა, შემდეგ კი ასოციაციის თასის ფინალიც წააგო და საბოლოოდ უტიტულოდ დარჩა.

ფერგიუსონი ფანებმა დაადანაშაულეს, რომ საკვანძო ფეხბურთელები გაყიდა და გუნდის ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილებს ენდო. მაგრამ ეს ახალგაზრდები იყვნენ დევიდ ბექჰემი, გარი ნევილი, გარის უმცროსი ძმა ფილ ნევილი და პოლ სქოულზი. ახალი ფეხბურთელებიდან რამდენიმემ მალევე მოიპოვა ადგილი ინგლისის ეროვნულ გუნდში. ახალგაზრდებმა გაამართლეს ფერგის იმედები და "მანჩესტერმა" კიდევ ერთი დუბლი შეასრულა 1995-96 წლების სეზონში - მოიგო პრემიერლიგა და ასოციაციის თასი.
ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ გუნდს ორჯერ შეესრულებინოს "დუბლი" და სეზონის დამაგვირგვინებელ საზეიმო ღონისძიებას "დუბლ-დუბლი" უწოდეს.
1996-97 წლების სეზონში "მანჩესტერმა" კიდევ ერთხელ მოიგო პრემიერლიგა და ერიკ კანტონამ, 30 წლის ასაკში, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
"მანჩესტერმა" კანტონას გარეშე 1997-98 წლების სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ პრემიერლიგაში II ადგილზე გავიდა, ჩამორჩა რა დუბლის გამხერხებელ "არსენალს".
წყარო:manutd.com