ბობ დონალდსონი- ფეხბურთელი რომელსაც უნდა ვიცნობდეთ!

შოტლანდიელი თავადამსხმელი, რობერტ(ბობი) დონალდსონი დაიბადა გლაზგოში. მან საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ კლუბ ეირდრიში დაიწყო. 1891 წელს კი ის ბლექბერნ როვერსში გადაბარგდა(სამწუხაროდ ჩვენამდე მოღწეული არ არის მისი ამ ორ კლუბში გატარებული სეზონების სტატისტიკა). 1892 წელს ის ნიუტონ ჰიტს შეუერთდა, სადაც კლუბის უდავო ლიდერად იქცა. დონალდსონმა პირველი გოლი მწვანე-ყვითელი მაისურით 1892 წლის 3 სექტემბერს თავისი ყოფილი გუნდის, ბლექბერნ როვერსის, კარში გაიტანა. ეს გოლი ასევე აღმოჩნდა ინგლისის 1-ლი დივიზიონის (დღევანდელი პრემიერ ლიგა) არსებობაში პირველი. ბობი ასევე პირველი ფეხბურთელი იყო ნიუტონ ჰიტელთა შორის, რომელმაც ჩატარებული შეხვედრების მიხედვით 100 მატჩიან ზღვარს გადააჭარბა. სამწუხაროდ 2 წელიწადში ნიუტან ჰიტი 1-ლი დივიზიონიდან გავარდა, თუმცა დონალდსონმა კლუბი არ მიატოვა და 1897 წლამდე დარჩა მანჩესტერში. მან ჯამში ნიუტონ ჰიტის შემადგენლობაში 147 თამაში ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა.
რობერტ დონალდსონი თავისუფლად შეგვიძლია კლუბის პირველ მერცხლად მივიჩნიოთ. ის წინაპარია იმ ვარსკვლავებისა, რომლებიც კლუბს მრავლად ჰყავდა, ახლაც ჰყავს და მომავალშიც ბევრი ეყოლება. ბედის ირონიაა ალბათ ის ფაქტი,რომ არა თუ მხოლოდ მისი დაბადების და გარდაცვალების თარიღი, არამედ მისი ერთი ფოტოც არ არის შემონახული.


წყარო: Wikipedia